თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგაში, Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ორი ჩარტერული რეისი შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგაში, Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ორი ჩარტერული რეისი შესრულდა

რიგაში ისტორიულ მატჩზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, გამთენიისას, მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით, ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სუბსიდირებული ფრენები სავსე ბორტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ავიაკომპანია Air Baltic-მა შეასრულა.

„რეისები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩზე, რომელიც ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დღეს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Eurobasket 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლეს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ასევე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც თბილისის, ისე რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.