თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისათვის პროდუქტების დარიგება დაიწყო. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სოციალური პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში მდებარე N102 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში ნობათების გაცემა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებს მიიღებენ იმ ახლად აშენებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც, რომლის გახსნაც სააღმზრდელო პროცესის განახლებისას იგეგმება.

„მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო სააღმზრდელო პროცესის დაწყება  4 ოქტომბრამდე გადავადდა. ამ მიზეზით, ქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაახლეთ სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც 10 პროდუქტისგან დაფასოებული ნობათები ურიგდება ყველა იმ აღსაზრდელის ოჯახს, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს და ასეთი 50 000-ზე მეტია“,  – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის პირობებში ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ, 2020 წლის მარტიდან თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით ხორციელდება. თბილისში ამჟამად 188 საბავშვო ბაგა-ბაღი და 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

რაც შეეხება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებას, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო მზად არის, 4 ოქტომბრიდან ბაღებში განახლდეს ბავშვების მიღება. მისივე თქმით, დაცული იქნება რეგულაციები და ბავშვთა უსაფრთხოება.

„ჩვენ მზად ვართ, ოთხ ოქტომბერს განვაახლოთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. იქნება გატარებული ისეთი რეგულაციები, რაც წინა წლის სასწავლო სააღმზრდელო პროცესში იყო. ეს გახლავთ მაგალითად, უცხო პირების არშეშვება ბაღებში, იგივე მშობლების არშეშვება. ასევე თერმოსკრინინგი, ხოლო კოვიდინფექციების დაფიქსირების შემთხვევაში ბაღი იხურება. ძალიან ბევრი რეგულაცია იქნება ჩვენ მიერ დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღმოაჩნდება ტემპერატურა, ის გადადის სპეციალიზებულ ოთახში და ველოდებით მშობელს. გონივრულ ვადაში თუ არ გამოცხადდება მშობელი და არ წაიყვანს ბავშვს, მაშინ ჩვენ ვიღებთ ზომებს და მივმართავთ სასწრაფო დახმარებას“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

რაც შეეხება პერსონალის ვაქცინაციას, გვანცელაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აღრიცხვა და მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.