თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს.

როგორც ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია „მზიური“, რომელსაც აქვს 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს).

„კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე.

პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას.

აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში პირველ ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება“, – აცხადებენ სააგენტოში.