თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა იწყება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა იწყება

თბილისის სააპელაციო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას იწყებს. სასამართლო პროცესი 6 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. სააპელაციო სასამართლო განიხილავს, როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნათია ბარბაქაძეა.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა კი, ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა, ანგარების მოტივით ბრალდებული დეკანოზი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში.

ცნობილია, რომ დაცვის მხარეს ხვალ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა ექნება. მათ შორის, ერთ-ერთი ეხება ომბუდსმენის ანგარიშს ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლოს სასამართლო განხილვის შესახებ. დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ეს ანგარიში საქმის ახალი მტკიცებულება გახდეს.

„რამდენიმე შუამდგომლობა გვექნება. ერთ-ერთი იქნება ის, რომ სახალხო დამცველის დასკვნის დართვა გვინდა საქმეში მტკიცებულებად. მოლოდინს რაც შეეხება, ვფიქრობ ახლა სხვა მდგომარეობა გვაქვს. უფრო პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. სააპელაციო სასამართლოში უფრო ბევრი არგუმენტი გვექნება, რათა დეკანოზის უდანაშაულობა დავამტკიცოთ“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ე.წ ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში თითქმის 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების მუხლით ბრალი 2017 წლის თებერვალში წაუყენეს. მოგვიანებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიების ინფორმაციით მას ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. თითქმის 9 თვიანი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურული იყო. დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.