თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანა დოლიძის სარჩელი განიხილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანა დოლიძის სარჩელი განიხილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი განიხილება, რომელიც უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე მის აცილებას ეხება.

ანა დოლიძე გასაუბრებისას 14-მა მოსამართლემ აიცილა, რასაც საბჭოს წევრი დაუსაბუთებელს უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანა დოლიძის სარჩელი საქალაქო სასმართლომ უკვე განიხილა და აცილების ბათილობის შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დოლიძის ინტერესებს, სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი ნიკა ჯახუა იცავს. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის ორი მოსამართლის, გიორგი ტყავაძისა და მარიამ ცისკაძის აცილების შუამდგომლობას დააყენებს, რომლებიც საქმეს განიხილავენ.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა ჩამონათვალში შედიან. შესაბამისად, ჯახუა ვარაუდობს, რომ ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.

„ანა დოლიძის სააპელაციო საჩივრის განხილვაში ამ ეტაპზე არის ისეთი მოსამართლე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებად. აქედან გამომდინარე, სხდომაზე დავაყენებთ ამ ორი წევრის აცილების შუამდგომლობას და დაველოდებით, სასამართლოს მსჯელობას საკითხზე“, – განაცხადა ნიკა ჯახუამ.

შუამდგომლობას დაუსაბუთებელს უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადვოკატი ნათია მახათაძე. ამასთან, მისი თქმით, საბჭომ კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და  სიასა და განსახილველ სარჩელს შორის კავშირი არ არსებობს.

საუბარია 2018 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ კონკურსზე, სადაც საბჭომ უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეთა განცხადებებზე იმსჯელა. კონკურსის დროს 51 მოსამართლიდან 14-მა გასაუბრების პროცესიდან დოლიძის აცილება მოითხოვა და მიზეზად ის საჯარო განცხადება დასახელდა, სადაც ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ,  შეინარჩუნონ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე“. მოსამართლეების შეფასებით, დოლიძის ეს განცხადება შეურაცხმყოფელი იყო.