თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლების მოსწავლეების მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, არჩევანი გააკეთონ დასწრებით და დისტანციურ სწავლებას შორის.

სამინისტროს ცნობით, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია იწყება.

„10 თებერვალს, 00:00 საათიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე გაიარონ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე:

online.emis.ge

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 – 23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით უკვე სარგებლობენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა პირველი თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა. დღეიდან კი ეს შესაძლებლობა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც აქვთ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ამასთან, უწყების ცნობით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.