თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს დღეიდან ​ონლაინსწავლებაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს დღეიდან ​ონლაინსწავლებაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე, გაიარონ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

ონლაინსწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 – 23:59 საათების შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით უკვე სარგებლობენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა პირველი თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა. დღეიდან კი ეს შესაძლებლობა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც აქვთ.

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.