თბილისის რამდენიმე უბანსა და მცხეთის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანსა და მცხეთის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ნატახტრის სათავე ნაგებობასთან მდებარე მაგისტრალურ ქსელზე სტრატეგიული მნიშვნელობის სამუშაოებს განახორციელებს, – ამის შესახებ GWP-ს განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის ერთ-ერთ მაგისტრალურ მკვებავ ქსელზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი, თანამედროვე სისტემა მოაწყო. ქსელის მოდერნიზაციის მიზნით, ასევე დამონტაჟდა ევროსტანდარტის შესაბამისი ექვსი ჩამკეტი ურდული და სამი ტუმბოაგრეგატი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონებს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც ურბანული განვითარების პარალელურად, ხელს შეუწყობს ქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას“, – განაცხადა კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს კომპანია დღეს განახორციელებს. ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, GWP-ს ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, დილის 11:00 საათიდან 25 აგვისტოს, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება რამდენიმე რაიონს.

საბურთალოს რაიონში წყლის მიწოდება შეეზღუდება სოფელ დიღომს; დიღომი 7-ს; ზაქარიაძის, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს (2-დან 50-მდე). დელისის I, II და III ქუჩებს; ასათიანის ქუჩის რამდენიმე ნომერს: #12, #14, #11, #2. ვაჟა-ფშაველას ჩიხს, ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩას.

ვაკის რაიონში შეზღუდვა გავრცელდება ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის მ/რ-ებზე; შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს N41-N83 და N48-N84; ყაზბეგის გამზირის ნაწილს N30-N46; მინდელის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ნადირაძის, მარიჯანის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, თავხელიძის, ჩახავას, გეგეჭკორის, მაღალაშვილის, სხირტლაძისა და ბარათაშვილის ქუჩებს; ბაგებში: უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს; უნივერსიტეტის, ფხაკაძის, მარგიანის, პიკასოს, გურიელისა და გამრეკელის ქუჩებს.

გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება ავჭალის გზატკეცილზე; წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, პლატინის, ყაზბეგის, თავისუფლებისა და მაყაშვილის ქუჩებზე.

მცხეთის რაიონში შეზღუდვა შეეხებათ მცხეთას, წეროვნის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ წიწამურსა და მუხათგვერდს.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით მიაწოდებს“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.