გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფება
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილის მანქანაში ექსპერტები მუშაობენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, მანქანაში საგამოძიებო სამუშაოები მისივე მოთხოვნით ტარდება, თუმცა არ აკონკრეტებს რა სამუშაოებს ატარებენ ექსპერტები.

„მანქანაში ჩხრეკა არ არის, საქმეს ეხება, ეს ჩემი მოთხოვნით კეთდება. ჩემს ავტომობილში არის გარკვეული რაღაც, რაც საქმეს სჭირდება. რამე ცუდი კი არ კეთდება, პირიქით საქმისთვის კარგი უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა რამიშვილმა.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მხრიდან კონკრეტული წამლების ანოტაციები იქნა წარმოდგენილი, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილება შესთავაზეს.

„როგორც ცნობილია, მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც ბუნებრივია ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას, ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ კონკრეტულ ადგილზე. მიუხედავად ამისა, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება და მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა, რომ მონაწილება მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში. დანარჩენს გვიჩვენებს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და ამ დოკუმენტზე დანიშნული ექსპერტიზები“, – განაცხადა პროკურორმა.