თბილისის „ნიკე“ ქალთა ლიგის ჩემპიონია
თბილისის „ნიკე“ ქალთა ლიგის ჩემპიონია

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“ საქართველოს 2020 წლის ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა – ეს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შემდეგ გაირკვა.

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე თბილისის „ნიკემ“ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ბათუმს“ უმასპინძლა, მატჩი თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 16:1 მოიგო. ამ გამარჯვებით „ნიკემ“ 39 ქულა დააგროვა და ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონი ერთპიროვნულად მოიგო. გია კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატის ცამეტივე შეხვედრაში გაიმარჯვა, მეტოქის კარში 117 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 5 მიიღო.

„ნიკე“-„ბათუმის“ დაპირისპირების დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 2020 წლის ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა. „ნიკე“ უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე 2021-2022 წლების სეზონზე საქართველოს წარადგენს.

ქალთა ლიგის მეცამეტე ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ნორჩი დინამო-სოხუმის დინამო 6:2

თუშეთი-ზარზმა 0:1

კოლხეთი ხობი-მცხეთა 4:0

ლანჩხუთი-გორი იუნაიტედი 7:1

მართვე-ივერია 11:2

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა 2021 წლიდან განსხვავებული ფორმატით გაიმართება. გათამაშება 2020 წლის სეზონის რვა საუკეთესო ქალთა საფეხბურთო გუნდით დაკომპლექტდება.

დატოვე კომენტარი