თბილისის N71-ე ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედებისას სავარაუდოდ ერთი ბავშვი დაშავდა
თბილისის N71-ე ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედებისას სავარაუდოდ ერთი ბავშვი დაშავდა

თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედებისას სავარაუდოდ ერთი მცირეწლოვანი დაშავდა. ფაქტი 26 დეკემბერს მოხდა.

პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, რომ სწორედ 26 დეკემბერს შეიყვანეს ერთ-ერთი ბაღიდან მათთან პიროტექნიკით დაშავებული მცირეწლოვანი. მისივე თქმით, ბავშვი მსუბუქად იყო დაშავებული და იმავე დღეს გაწერეს. დამწვრობის ცენტრში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი N71-ე ბაღის შემთხვევას.

დაშავდა თუ არა ვინმე საბავშვო ბაღში მომხდარის დროს, ამის შესახებ არ საუბრობენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება. მათივე ცნობით, ბაღის ადმინისტრაციისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა. მომხდართან დაკავშირებით ბაღის დირექტორმა სააგენტოს ახსნა-განმარტება მეორე დღეს მისცა.

წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.