თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო გაიმართება
თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო გაიმართება

თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების სერიის ფარგლებში, 7 მარტს ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო გაიმართება. კონვერტში  მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“ და მომღერალი ეკა მამალაძე.

კონცერტზე ვახტანგ კახიძე პატივს მიაგებს მამის ხსოვნას და წარდგება როგორც დირიჟორი, პიანისტი, მომღერალი და სიმღერების საორკესტრო არანჟირებების ავტორი.

„ვახტანგ კახიძის შემოქმედებითი თანამშრომლობა მამასთან ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც სიმღერების აუდიო ჩანაწერების შექმნისას ის საფორტეპიანო პარტიას ასრულებდა. 1990-იან წლებში ვახტანგმა ჯანსუღ კახიძის რამდენიმე სიმღერის საორკესტრო არანჟირებაც განახორციელა კონცერტისთვის „პირველად იყო სიმღერა“. მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სასიმღერო შემოქმედების სრულყოფილად წარმოჩენას. 2000-იანი წლების დასაწყისში გამოსცა აუდიო ალბომი, ხოლო 2016 წელს კი, შექმნა ახალი საკონცერტო პროექტი „ჯანსუღ კახიძის სიმღერები“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და წარმოადგენს ჯანსუღ კახიძის საკომპოზიტორო მემკვიდრეობის საუკეთესო დემონსტრირებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა.