თბილისის მუნიციპალიტეტმა გამჭვირვალობის ამაღლებისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია დაამტკიცა
თბილისის მუნიციპალიტეტმა გამჭვირვალობის ამაღლებისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგიის მიღება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2018-2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

მისივე თქმით, სწორი მართვის გარეშე წარმატებული პროექტების განხორციელება შეუძლებელია.

„როდესაც ვსაუბრობთ სხვადახვა პროექტზე, რა თქმა უნდა, სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში, იმ შვიდი პოლიტიკიდან, რომელიც პრიორიტეტად გვქონდა გამოცხადებული, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ მართვა იყო. სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე, შეუძლებელია, წარმატებაზე ვიფიქროთ. შესაბამისად, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვას, ამ მიმართულებით, მთელი რიგი რეფორმების განხორციელებას და გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-სა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება სტრატეგიას, შეგვიძლია განვსაზღვროთ ექვსი პრიორიტეტული მიმართულება: მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება; ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; კორუფციული რისკების შემცირება; მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა; ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა; კეთილსინდისიერების ამაღლება. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ სხვადახვა რაიონში განსახორციელებელ პროექტებში, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს “, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ასევე, აქტიურად ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სტრატეგიის განხორციელება 2021-2023 წლების განმავლობაშია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის დასამკვიდრებლად, არაერთი სიახლე დაინერგება.