თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის მხრივ დარღვევები გამოვლინდა  
თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის მხრივ დარღვევები გამოვლინდა  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგად, დარღვევა-ნაკლოვანებები გამოავლინა.

ანგარიშის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ფართები უმეტეს შემთხვევაში, საპრივატიზაციოდ გამოაქვს პირობით – „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი, მის საკუთრებაში არსებულ ერთ საკადასტრო ერთეულად რეგისტრირებულ მიწის ფართს ჰყოფს რამდენიმე საკადასტრო ერთეულად და შემდეგ ერთ-ერთი ფართი გამოაქვს აუქციონზე შემზღუდავი პირობით.  აუქციონების უმრავლესობა მიმდინარეობს უკონკურენტო გარემოში და პოტენციური მყიდველი ძირითადად ხდება მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე. იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან საპრივატიზაციო ფართის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაწესებული შეზღუდვა დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს. შედეგად, იზღუდება კონკურენცია და მუნიციპალიტეტი მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონების საწყისი ფასი  დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე დგინდება. საექსპერტო დასკვნების ანალიზით გაირკვა, რომ შემზღუდავი პირობებით გასაყიდ ობიექტებზე ექსპერტი ამცირებს ფართის საპრივატიზაციო ღირებულებას. შესაბამისად, საწყისი ფასი დგინდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით. შეზღუდვით გამოცხადებული აუქციონი ძირითადად ტარდება უკონკურენტო გარემოში და ფართის პრივატიზება არასაბაზრო ღირებულებით ხდება.

გარდა ამისა, აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარგებლობის უფლებით ფართების უმეტესობა  გაცემულია მიწის ნორმატიული ღირებულების გათვალისწინებით. ქონების მოსარგებლეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ეკონომიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, მერიას უფლება ჰქონდა, მხარესთან შეთანხმებით გადაეხედა საიჯარო ღირებულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით, ძირითად შემთხვევაში, საბაზრო ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარის ფასების გადახედვა არ განხორციელებულა და მოიჯარეებისთვის სარგებლობის საფასური არ არის შეცვლილი. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წელს თბილისში გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიას მიადგა ზარალი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზარალის შეფასება და ანაზღაურება განახორციელა 2016 წლის მდგომარეობით, მიწის საბაზრო ღირებულების მიხედვით. პროცესის გაჭიანურების შედეგად, მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა, ზარალის მიღების პერიოდში არსებულ ღირებულებასთან შედარებით, დაახლოებით 5-ჯერ მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთით.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.