თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთება
თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთება

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს, 19:30 საათზე აინთება. საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრებიან.

გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას გორის ქალთა კამერული გუნდი მიიღებს.

გარდა ამისა, ამოქმედდება საციგურაო მოედანი, სადაც მოციგურავეთა შოუ გაიმართება.

თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია თბილისის მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს მოუწოდებს, შემოუერთდნენ დღევანდელ ღონისძიებას და ერთად იზეიმონ მომავალი ახალი წელი.

„ყველას ველოდებით საახალწლო ნაძვის ხესთან, გვექნება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძება და საზეიმო კონცერტი. გვეყოლებიან თოვლის ბაბუები, მოციგურავეები და მუსიკალური შემსრულებლები“,- აცხადებს ხუნწარია.

რაც შეეხება მთავარ საახალწლო ღონისძიებებს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში: გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, მთელი თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.

განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე დღესასწაულს მოაწყობს 70-მდე სტარტაპერი. დედაენის ბაღში განთავსდება საახალწლო ქალაქი, სადაც ორი კვირის განმავლობაში გაიმართება კონცერტები, საახალწლო მსვლელობები, სპორტული ღონისძიებები, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინოთეატრი, საციგურაო მოედანი და კიდევ ბევრი გასართობი სივრცე გაჩნდება ამ საოცარ ქალაქში.

კალაძის თქმით, წელს მერია მაქსიმალურად შეეცდება, არ გადაიკეტოს თბილისის საკვანძო ქუჩები, რათა მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. ამასთან, ახალი წლის ღამეს, მეტროსთან ერთად, სხვა საქალაქო ტრანსპორტიც იმუშავებს.