თბილისის მთავარ სამმართველოსთან პოეტ ზვიად რატიანის ახლობლები იკრიბებიან
თბილისის მთავარ სამმართველოსთან პოეტ ზვიად რატიანის ახლობლები იკრიბებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში პოეტ ზვიად რატიანთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაკავებულთან ასევე შესულები არიან შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, ადვოკატი და ექიმი.

რატიანს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამედიცინო შემოწმება უტარდება.

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები აქვს. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ რატიანს დაზიანებები სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ მიაყენეს.

თბილისის მთავარ სამმართველოსთან რატიანის მეგობრები, ოჯახის წევრები, მწერლები და პოეტები არიან შეკრებილი.

როგორც მწერალმა ალექს ჩიღვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარის შესახებ დღეს დილით შეიტყო.

„რომ გავიღვიძე ეს ინფორმაცია დამხვდა. ალბათ შუაღამისას მოხდა. ადვოკატის ჩანაწერი წავიკითხე. ყველაფერი დაიწყო ნარინჯისფერი ქურთუკით, ალბათ მივიდნენ და ჰკითხეს: ეს რა გაცვია ბიჭო! ალბათ არაფერი წარუდგენიათ, არც ფორმა ეცვათ. ველოდებით როდის გადაიყვანენ სასამართლოში. ასე ქმნიან საახალწლო განწყობას“,- აცხადებს მწერალი.