„თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ იმგზავრონ ფეხზე მდგომებმა და აუცილებლად გამოიყენონ პირბადე
„თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ იმგზავრონ ფეხზე მდგომებმა და აუცილებლად გამოიყენონ პირბადე

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ იმგზავრონ ფეხზე მდგომებმა და მიკროავტობუსით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენონ პირბადე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლს ექნება უფლება, არ დაძრას სატრანსპორტო საშუალება და წესების დამრღვევ მგზავრს მიკროავტობუსის დატოვება სთხოვოს.

მძღოლები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიკროავტობუსში წესრიგის დაცვას, მოიხსნებიან ხაზიდან.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ყველა მომხმარებელს უმორჩილესად სთხოვს, მიკროავტობუსში არ იმგზავროს ფეხზე მდგომმა  და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.
უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს, ასევე, მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, რომლებიც მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით.

თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე, კომპანიამ მიიღო ყველა საჭირო ზომა, რომელიც ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას ემსახურება. ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დღის განმავლობაში დედაქალაქში მოძრაობს, ყოველდღიურად გადის დეზინფექციას და ასევე, დასაქმებული მძღოლები ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დახმარებით, „კოვიდ-19“-ზე ტესტირებას გადიან.

თბილისის მიკროავტობუსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.