თბილისის მეტროსთვის 15 ახალი ვაგონის შემოყვანასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

15:50, 04.04.2019

თბილისის მეტროსთვის 15 ახალი ვაგონის შემოყვანასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროს ვაგონები არის დაძველებული და მძიმე მდგომარეობაშია.

„შემთხვევით არ არის, რომ დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია. გასულ წელსაც მოხდა ახალი ვაგონებით ჩანაცვლება. წელსაც, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ვაპირებთ 15 ახალი ვაგონის შემოყვანასა და რეაბილიტაციას. ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ, რის შედეგადაც მთლიანად განახლდება ვენტილაციის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, რაზეც 70 მილიონი დაიხარჯება“,- განმარტა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ პიკის საათებში მეტროში მოცდის დრო დაახლოებით სამი წუთია.

„ჩვენი ამოცანაა, ამ ახალი შემადგენლობების დამატებით პიკის საათებში დაახლოებით 2,5 წუთი იყოს მოცდის დრო, როგორც ყველა განვითარებულ ევროპულ ქალაქებში“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი