თბილისის მეტროში ელექტროკაბელებისა და სავენტილაციო სისტემა სრულად გამოიცვლება
თბილისის მეტროში ელექტროკაბელებისა და სავენტილაციო სისტემა სრულად გამოიცვლება

თბილისის მეტროპოლიტენში ელექტროკაბელებისა და სავენტილაციო სისტემა სრულად განახლდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

როგორც ფონდიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 27 581 537,57 ლარს შეადგენს, თბილისის მეტროში უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი საჭიროების ღონისძიებები განხორციელდება. კერძოდ, მოხდება მთლიანად მეტროს სისტემაში ელექტროკაბელებისა და სავენტილაციო სისტემის განახლება, გამოიცვლება 191 000 მ. სიგრძის დაბალი ძაბვისა და 137 000 მ. სიგრძის საშუალო ძაბვის კაბელები.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონტრაქტორის მიერ დეტალური დიზაინის მომზადება. სადგურებისთვის მომზადდება დიზაინი, თუ როგორ უნდა მოხდეს ძველი კაბელების დემონტაჟი და ახალი კაბელების დაყენება. დიზაინის მომზადება მაისისთვის დასრულდება და დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.