თბილისის მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია.

მათივე ცნობით, მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი შარკოვი გაეცნენ.

„პროექტის ფარგლებში განახლდება ან გამოიცვლება მთლიანად მეტროს ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა. საერთო ჯამში, გამოიცვლება 191 000 მეტრის დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137 000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) კაბელები. ასევე, შეიცვლება არსებული 32 ერთეული გამნიავებელი (ვენტილატორი). სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხსა და ენერგო ეფექტურობა“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროსადგურებში ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა არ გამოცვლილა 1966 წლის შემდეგ.

„პროექტის დასრულების შემდეგ სრულად განახლდება თბილისის მეტროს შიდა ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქის მოსახლეობასა თუ მის სტუმრებს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს.

მეტროს შეუფერხებლად მუშაობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის 12:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მიმდინარეობს. მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის პროექტი 2020 წლის ივნისში დასრულება“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.