თბილისის მეტროპოლიტენი დღეს შეფერხებით მუშაობდა
თბილისის მეტროპოლიტენი დღეს შეფერხებით მუშაობდა

თბილისის მეტროპოლიტენში დღეს მორიგი შეფერხება დაფიქსირდა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, 09:29 საათზე მეტროსადგურ „სამგორში“ შემადგენლობას ტექნიკური ხარვეზი დაუდგინდა, რის შემდეგაც, ორ წუთში მატარებელი ჩიხში გადაიყვანეს და სხვა შემადგენლობით ჩაანაცვლეს. შედეგად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრებს მატარებელი ვერ ემსახურებოდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროპოლიტენში შემადგენლობების მოძრაობა ჩვეული გრაფიკით ხორციელდება.

ბოლო დღეების განმავლობაში, მეტროს მუშაობა რამდენჯერმე შეფერხდა – 22 მარტს ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა „სადგურის მოედანზე“, წინა დღით კი, ასევე „სამგორში“. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში, შეფერხება ძაბვის ვარდნას, ზოგში კი, შემადგენლობის ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა. თუმცა, მათი განმარტებით, სერიოზულ ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მოძრავი შემადგენლობები მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოწმდება.