თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ინფიცირებული მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელია.

მათივე ცნობით, ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ ყოფილა. როგორც მერიაში აცხადებენ, ტესტირება უკვე ჩაუტარდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დედაქალაქის მერიაში უკვე ჩატარდა დეზინფექცია.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფაქტის დადგომისთანავე, თბილისის მერიამ ყველა იმ წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმოქმედა, რაც ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ არის მოწოდებული.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა თბილისის მერიის შენობა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან სავარაუდო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები და მათ უტარდებათ ტესტირება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნებას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებსაც გაატარებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.