თბილისის მერიის სერვისები ეტაპობრივად განაახლებს მუშაობას
თბილისის მერიის სერვისები ეტაპობრივად განაახლებს მუშაობას

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას დღეიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მუნიციპალური სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება იყო.

„ერთადერთი რაც მუშაობდა, ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები. პირველი ივნისიდან ყველა მიმართულებით, სადაც დროებითი შეფერხება გვქონდა და მუშაობა შეჩერებული იყო, სერვისების მიწოდება განახლდება. ათივე გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ივნისიდან ასევე, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

„აქაც აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა – პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ყველა ეს მიმართულება უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეთა მხრიდან კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დატოვე კომენტარი