თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინრეგისტრაციას პლატფორმაზე – www.dasakmdi.ge.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.
თბილისის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.
ამ ეტაპზე 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სპექტრი“.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
• ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• მინიმალური ასაკი 18 წელი.
თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.
პროგრამის რეგისტრაციის ვადებია 2022 წლის 18-30 მაისი, სასწავლო პროცესი კი დაიწყება 6 ივნისიდან.
რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.