თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა იმართება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა იმართება.

როგორც პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, დღეს სასამართლომ მხარეთა მტკიცებულებები დასაშვებად უნდა ცნოს.

ამასთან, მოსამზადებელ სხდომაზე დადგება შუამდგომლობები, მათ შორის აღკვეთის შეცვლისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამ შუამდგომლობის დაყენებას გიგაშვილის ადვოკატი კახა წერეთელი გეგმავს. მისი განმარტებით, პროკურატურა ვერ მიუთითებს ისეთ სამართლებრივ ნორმაზე, რომლითაც გიგაშვილი ვალდებული იყო, „გრინსერვისის“ მიერ მერიისთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გადაემოწმებინა და ხელახალი ექსპერტიზა ჩაეტარებინა.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებისა და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +”-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.