თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მკაცრი რეაგირება ექნებათ, თუ რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა დიდი ნაკადი გამოვლინდება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მკაცრი რეაგირება ექნებათ, თუ რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა დიდი ნაკადი გამოვლინდება

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსების კომპანია ვალდებულია, დაიცვას არა მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, არამედ კანონმდებლობა, რომელიც მგზავრთა უსაფრთო გადაყვანის კუთხით მოქმედებს. მისივე თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნა ეხება სოციალურ დისტანციას.

„სამარშრუტო ტაქსების კომპანია არის შესაბამისი ავტორიზაციის, დოკუმენტაციის მქონე და მათ ევალებათ, დაიცვან არა მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, არამედ ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს მგზავრთა უსაფრთო გადაყვანის კუთხით. ასევე, განსაკუთრებული მოთხოვნებია სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედებს პანდემიის პირობებში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ბითაძის თქმით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სამარშრუტო კომპანიის მფლობელებს, რომ მკაცრად გააკონტროლონ მძღოლების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესრულების პირობები.

„მოვუწოდებთ მგზავრებს, რომ ასეთი შემთხვევების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობონ როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე. კიდევ ერთხელ დღეს გვექნება ძალიან მკაცრი კომუნიკაცია სამარშრუტო კომპნიასთან, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება ავტობუსების გადატვირთულობას, ბითაძის განმარტებით, ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, განსაკუთრებული კონტროლის განსახორციელებლად შიდა მონიტორინგის სამსახური ჩაერთვება.

„იცით, რომ ვაკონტროლებთ ჩვენ თვითონ. ახალი რეკომენდაციების ფარგლებში, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა, პანდმეიის პირობებში კონტროლი გამკაცრდება. გაზაფხულზე, როდესაც იყო რაოდენობის მატება, ყველას გახსოვთ, რომ იმ ხაზებზე, სადაც მგზავრების მეტი სიჭარბე იყო, ჩვენ განსაკუთრებული კონტროლი გვქონდა და შიდა მონიტორინგის სამსახურიც გვყავდა ჩართული, მგზავრთა რაოდენობასაც კი ვაკონტროლებდით გარკვეულ ხაზებზე.

კვლავ გაგრძელდა მონიტორინგი და ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შიდა მონიტორინგის სამსახური კვლავ ჩაერთვება განსაკუთრებული კონტროლის განსახორციელებლად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მგზავრთა სოციალური დისტანცირება, თუმცა განსხვავებიღ სამარშრუტო ტაქსებისგან, ავტობუსებში ბუნებრივია, ფეხზე დგომა დასაშვებია, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნას დაცული სოციალური დისტანცია, ის მკაცრი მოთხოვნები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით არის მიღებული.

ავტობუსებში გუშინდელი დღიდან დაწყებულია მკაცრი კონტროლი იმ ხაზებზე, სადავ მეტი მგზავრთა სიჭარბე გვაქვს. ამას ითვლიან როგორც ჩვენი მძღოლები და კონტროლიორები, ასევე ითვლის ის კამერები, რომლებიც ახალ ავტობუსებშია დამონტაჟებული. შესაბამისად, ჩვენ გვექნება მკაცრი რეაგირება შიდა მონიტორინგის გამოყენების თვალსაზრისით და იმ ხაზებზე, სადაც მგზავრთა დიდი ნაკადი გამოვლინდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დატოვე კომენტარი