თბილისის მერიამ წელს 194 სამშენებლო კომპანია ჯამში 1 500 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის მერიამ წელს 194 სამშენებლო კომპანია ჯამში 1 500 000 ლარით დააჯარიმა

2018 წლის პირველი იანვრიდან 20 ივნისამდე პერიოდში, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევებისთვის 194 სამშენებლო კომპანია დააჯარიმა.

სულ ჯარიმის თანხამ მილიონ 502 ათასი ლარი შეადგინა. მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება კი 91 კომპანიის შემთხვევაში იქნა მიღებული. ამის შესახებ პირველი არხისთვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, უნებართვო მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და წყლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-რეკრეაციულ ზონებში და თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, იწვევს დაჯარიმებას 8 ათასი ლარით (კერძო საკუთრებაში არსებული ქონება), 20 ათასი ლარით (კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მესამე და მეოთხე კლასის შენობა ნაგებობებზე) და 25 ათასი ლარით (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე).

უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტის შეუცვლელად იწვევს დაჯარიმებას 4 ათასი ლარით.

ამასთან, სამშენებლო დოკუმენტაციითა და რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 2 ათასიდან 15 ათას ლარამდე.

მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კი ჯარიმა 30 ათას ლარს შეადგენს.