თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ერთ ოჯახს გადასცა
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ერთ ოჯახს გადასცა

თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ერთი ოჯახი დააკმაყოფილა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში გვეტაძეების ხუთსულიან ოჯახში იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელი სახლის მიღება მიულოცა.

„დღეს გვეტაძეების ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადავეცით. ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ. ჯამში, საცხოვრებლით ათი ოჯახი დაკმაყოფილდა. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტატუსის მინიჭებას ელიან. მათ არ იციან, რა არის ამისთვის საჭირო. ამ შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამისი რაიონის გამგეობებს ან მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აქ აუხსნიან, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა დოკუმენტაციაა საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მერიამ საცხოვრებელი ფართით 10 ოჯახი უზრუნველყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ბინებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდა.