თბილისის მერია, კომპანიებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებით დაეხმარება
თბილისის მერია, კომპანიებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებით დაეხმარება

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების აქციას ბიზნესკომპანიები კვლავ შეუერთდნენ. სამშენებლო კომპანია m2–მა დღეს თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტები გადასცა.

კახა კალაძის განცხადებით, მხარდამჭერ აქციაში კიდევ 27-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და პროდუქტები რამდენიმე დღის განმავლობაში დარიგდება.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია მსგავს მხარდამჭერ აქციებს გააგრძელებს და დაეხმარება ყველა იმ ოჯახს, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დეველოპერულ კომპანიას m2-ს, 1 000 ოჯახისთვის მოიტანეს პროდუქტები, რომლის დარიგებაც მოხდება რამდენიმე დღის განმავლობაში. გარდა ამისა, კიდევ 27 კომპანიაა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ მხარდამჭერ აქციაში. ზოგადად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. უკვე პროდუქტების სახით, სამი ათასამდე პაკეტია შეგროვებული, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში დაურიგდებათ იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. სარეზერვო ფონდში ნახევარი მილიონი ლარი უკვე მობილიზებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ პროდუქტების შესყიდვას, გარდა ამისა, 700-800 ათასი ლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო მიმართული საახალწლო სოფლის გაკეთებაში, რადგან საახალწლო სოფელი წელს ეპიდემოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ვერ გაკეთდება, ეს თანხები მიმართული იქნება ოჯახების დასახმარებლად, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა“, –  განაცხადა კახა კალაძემ.