თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირების სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირების სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ – მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის პროექტირება. ეს იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი პარკი გამოგვივა. აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ხელოვნური ტბა, სივრცეები ენდემური ნაირსახეობებით. ეს იქნება უნიკალური ადგილი დასასვენებლად თბილისელებისთვის, ხედით თბილისის ზღვაზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

170 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული.

პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება. საველე სამუშაოებზე ექსპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პროექტირების პროცესში.

დატოვე კომენტარი