თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას მეოთხე კვარტალში ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას მეოთხე კვარტალში ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს და, მათი მიმართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N3ა კორპუსში ახალი ლიფტები დამონტაჟდა.

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად, ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ძველი ლიფტები თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, გამოიცვალა მოძრაობისთვის აუცილებელი მექანიკური დეტალები.

„ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, პარლამენტში ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მიმდინარე წელს უკვე 36 ლიფტის განახლება დაფინანსდა, მათ შორის 15 ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლების პროექტია.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.