თბილისის მერია უწყვეტად გააგრძელებს იმ მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას, რომელთა მუშაობაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებულია
თბილისის მერია უწყვეტად გააგრძელებს იმ მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას, რომელთა მუშაობაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვინაიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უწყვეტად განაგრძოს ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსება.

მისივე თქმით, საერთო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსება.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას. როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო, თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა.

თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას.

კერძოდ:  მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების,  სპორტული სკოლების, პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი. გაგრძელდება, სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება;  სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა- მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება.

მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც. ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-დე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან. ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.