თბილისის მერია - უხვმა ნალექმა დედაქალაში პრობლემები შექმნა, გლდანში მიწის მასის ჩამოშლის გამო ოჯახის სასტუმროში გადაყვანა გახდა საჭირო, ვერეს ხეობაში ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს
თბილისის მერია - უხვმა ნალექმა დედაქალაში პრობლემები შექმნა, გლდანში მიწის მასის ჩამოშლის გამო ოჯახის სასტუმროში გადაყვანა გახდა საჭირო, ვერეს ხეობაში ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გლდანის რაიონში მიწის მასის ჩამოშლის გამო მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.

„დედაქალაში ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი. გლდანის რაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები. ყველა პრობლემურ ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ასევე, გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია. გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ, სხვადასხვა სადგურის მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.

გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.

შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.