თბილისის მერია სტუდენტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით მომავალ წელს რამდენიმე პროექტის განხორციელებას აპირებს
თბილისის მერია სტუდენტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით მომავალ წელს რამდენიმე პროექტის განხორციელებას აპირებს

თბილისის მერი კახა კალაძე მერიის სტიპენდიანტ მაგისტრანტ სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტები განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ.

მერის განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პლატფორმის შექმნა, მათ შორის კოჯორში ახალგაზრდული სოფელი მოეწყობა, აშენდება ასევე მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დიდ დიღომსა და ვარკეთილში, რომელიც 10 000-მდე ადამიანს მოემსახურება.

„ჩვენ, დედაქალაქის მერიას გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამა. ეს არის სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, ძალიან ბევრს ვეხმარებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. თუმცა ეს არ არის საკმარისი. გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წელს არა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვინდა განვახორციელოთ, შეიქმნას სხვადასხვა პლატფორმები, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი, საინტერესო შეხედულებები აქციონ რეალობად, სხვადასხვა პროექტის განხორციელების სახით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო და კიდევ ერთხელ მივულოცო შობა-ახალი წელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე წარჩინებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე 562 ლარის ოდენობით.

2015-2019 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდია გადაეცა 745 წარჩინებულ მაგისტრანტს. აქედან, მიმდინარე სემესტრში – 107 წარმატებულ მაგისტრანტს. აღნიშნული პროგრამის წლიური ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.