თბილისის მერია სტრიტარტის კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია სტრიტარტის კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია სტრიტარტის კონკურსს აცხადებს, რომელიც ამ მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებული პირები აპრილის განმავლობაში შეძლებენ წინადადებების შემოტანას, რომლის მიხედვით, პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.

„დედაქალაქში სტრიტარტის ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსების ან დაწესებულებების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე და ასე შემდეგ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება. ამჯერად გვაქვს ახალი ინიციატივა – გვსურს, გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს სტრიტარტის მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა თბილისის მერიაში, შემდეგ კი პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. ამ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა სტრიტარტისტებს და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს ქალაქის გალამაზებას.

„ამ ახალგაზრდებს, რომლებიც სტრიტარტით არიან დაკავებული, ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რათა ერთად გავალამაზოთ და გავაფერადოთ ჩვენი ქალაქის ქუჩები და სივრცეები. მადლობა თქვენ, რადგან უკვე ბევრი კარგი პროექტი განახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ახლა კი ველოდებით თქვენს წინადადებებს და ჩვენ დაგიფინანსებთ კონკრეტულ პროექტებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.