თბილისის მერია - სრული სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მერია 33 000 ნათურის 65 მილიონ ლარად შესყიდვას გეგმავს
თბილისის მერია - სრული სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მერია 33 000 ნათურის 65 მილიონ ლარად შესყიდვას გეგმავს

სრული სიცრუეა, თითქოს თბილისის მერია 33 000 ნათურის 65 მილიონ ლარად შესყიდვას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის გარე განათების სისტემის განახლების მიზნით LED სანათების შესყიდვის თაობაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მცდარი და შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაცია გავრცელდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მცდარ და შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას დედაქალაქის გარე განათების სისტემის განახლების მიზნით, LED სანათების შესყიდვის თაობაზე.

აღნიშნული მედიასაშუალების მიხედვით, თბილისის მერია თითქოს გეგმავს 33 000 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, რაც სრული სიცრუეა.

დედაქალაქის გარე განათების განახლებისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LED სანათის შესყიდვა. აღნიშნული სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200 ლარი.

დღესდღეობით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარე განათების მიმართულებით ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 22 000 000 ლარს, აქედან ელექტროენერგიის ხარჯი არის 13 500 000 ლარი, ხოლო  ექსპლუატაციის ხარჯი 8 500 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სოდიუმის არსებული ნათურები, რომელიც მოძველებულია, ფაქტობრივად, არსად გამოყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ისინი ჩანაცვლდეს ეკონომიური და უსაფრთხო ნათურებით.

აღნიშნული პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ ელექტროენერგიის და მომსახურების დანაზოგის სახით, დედაქალაქს,  წლის განმავლობაში, ათი მილიონი ლარით შეუმცირდება ხარჯები. სწორედ ამ  დაზოგილი თანხით იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით არცერთი თეთრის გაღება არ მოუწევს. მიღებული ეკონომიის ხარჯზე, ათი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაიფარება პროექტის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფაქტობრივად წაუგებელია დედაქალაქისთვის, რადგან ამ პროექტის დასრულების შედეგად, დამატებითი თანხის მობილიზების გარეშე, ჩვენი დედაქალაქი მიიღებს  მრავალმილიონიან ხარჯვით დანაზოგს, ასევე, სახელმწიფო მიიღებს გამოთავისუფლებულ რვა მგ/სთ ელექტროენერგიის სიმძლავრეს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქს და ევროსტანდარტების შესაბამის განათებას თბილისში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში და ამის შემდეგ მიაწოდონ საზოგადოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.