თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრში სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებებს იღებს
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრში სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებებს იღებს

თბილისის მერიამ, „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, შემოდგომის სემესტრის სწავლის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

განცხადებები მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია, განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში სტუდენტმა პირადად წარადგინოს.

დაფინანსების მისაღებად საჭიროა დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;  უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა) და სამოტივაციო წერილი.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით  სემესტრული სწავლის გადასახადის 50 პროცენტის , 70 პროცენტის ან 100 პროცენტის ოდენობით (სასწავლო გრანტის  2250  ლარის ფარგლებში).

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015-2017 წლებში, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6 500-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. 2018  წელს  პროგრამის  ბიუჯეტი გაიზარდა 200 000 ლარით და შეადგინა 1 200 000 ლარი.  2018 წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე  დაფინანსდა 1 000-ზე მეტი  სოციალურად დაუცველი სტუდენტი.

პროგრამას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.