თბილისის მერია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტუდენტებს მიმართა, შესაბამისი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში დროულად წარადგინონ.

„მინდა, მივმართო სტუდენტებს, ვინც ხვდებით აღნიშნულ პროგრამაში, იაქტიურეთ. დაფინანსების მისაღებად, თბილისის მერიაში სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია 30 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების შეტანა ასევე შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე www.ms.gov.ge. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დაფინანსების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის მერიის ვებგვერდზე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.