თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდას არ აპირებს
თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდას არ აპირებს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, საჯარიმო თანხას არ გადაიხდიან.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, კომპანიასთან ხელშეკრულება უსაფუძვლოდ არ წყდება.

„საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა ყოველმხრივ საზოგადოებრივი ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ კომპანიას ვასწავლოთ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კომპანია, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არღვევს მოქალაქეების უფლებებს და ამას შესრულება სჭირდება, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, საპარკინგე ადგილების 30% მოუწესრიგებელია.

„კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება, ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობაა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

30% საპარკინგე ადგილების არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს.

იმაზე მეტი ვადები მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ეს ვადები უშედეგოდ გავიდა.

შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ, არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია “სითი პარკს”. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

დატოვე კომენტარი