თბილისის მერია საკურორტო მომსახურების ვაუჩერების რაოდენობას ზრდის
თბილისის მერია საკურორტო მომსახურების ვაუჩერების რაოდენობას ზრდის

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, ვისაც საკურორტო ვაუჩერის მისაღებად განცხადება აქვს შეტანილი მერიაში, დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

როგორც დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი განმარტავს, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

„მომსახურების გაუმჯობესებამ გამოიწვია განცხადებების რაოდენობის ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ მერია მუდმივად ზრუნავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და ოჯახებზე, უკვე ერთი კვირაა, მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე, მომხდარიყო დამატებითი რესურსების მობილიზება და ყველა განცხადების დაკმაყოფილება. ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერთან კონსულტაციის შედეგად უკვე მიღებულია“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისი თქმით, სამსახური დააკმაყოფილებს თბილისში რეგისტრაციისა და შშმ პირის სტატუსის მქონე ყველა იმ პირს, ვისაც მერიაში განცხადება შეტანილი ჰქონდა 2019 წლის პირველი თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით.

როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, დღეისათვის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ბიუჯეტია 826 000 ლარი, ვაუჩერის ღირებულება კი, 700 ლარია, აპ ეტაპზე, ვაუჩერის გაცემაზე 1180 ბავშვს აქვს თანხმობა მიღებული. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერით დაკმაყოფილდება ყველა ის პირი, ვინც ამ ეტაპზე სარეზერვო სიაშია.

ამასთან, როგორც მერიაში აღნიშნავენ, 2015 წელს პროგრამით სარგებლობდა 600 შშმ პირი და თითოეული მათგანისთვის მერია 400 ლარს გამოყოფდა.