თბილისის მერია - საცხოვრებელი ფართებით უსახლკაროთა უზრუნველყოფის პროექტი გრძელდება
თბილისის მერია - საცხოვრებელი ფართებით უსახლკაროთა უზრუნველყოფის პროექტი გრძელდება

საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ დღემდე 71 ბინაა შეძენილი.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი გრძელდება.

„უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დაპირებებს, რა თქმა უნდა, ვასრულებთ. გასულ წელს შევიძინეთ 55-ზე მეტი ბინა. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 71 ბინა გვაქვს შესყიდული და ამდენი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.