თბილისის მერია მძღოლებს მოუწოდებს, 7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში არ იმოძრაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ
თბილისის მერია მძღოლებს მოუწოდებს, 7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში არ იმოძრაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ავტობუსების ზოლში ამ დროისთვის საგამონაკლისო წესით არსებულ დაშვებაზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, 7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალული იქნება.

„თქვენ იცით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ჩვენ დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მოძრაობა. 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა ამოქმედდება და კვირას სატრანპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება ადმინისტრაციული სახდელით ისეთივე წესით, როგორც ხდებოდა აქამდე“, –  განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.