თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2019 წელი განსაკუთრებულია ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, რაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიც მეტყველებს.

„ვიწყებთ კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას, ცენტრალური გზის. გასულ წელს განხორციელდა კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლების სრული რეაბილიტაცია თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. დღეს ვიწყებთ ცენტრალური გზის მოწესრიგებას, სადაც მთლიანად გამოიცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიურები და 10 000 კვადრატული მეტრი ტროტუარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე დაგეგმილია გამწვანება, მთლიანად შეიცვლება განათების ბოძები „ლედ“ განათებებით.

„დღეს არსებული ვითარება არც თუ სახარბიელოა, არის კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან მალე გვექნება რეაბილიტირებული, განახლებული კახეთის გზატკეცილი. საკმაოდ ძვირი პროექტია, ყველაფერი 43 მლნ ლარი დაჯდება “, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა გაიხსნება სათადარიგო გზები.

„როგორც ვიცი, უკვე გადატანილია მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მოძრაობის თვალსაზრისით შეზღუდვა იქნება, თუმცა პრობლემას არ წარმოადგენს. საპატრულო პოლიციასაც მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.