თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს
თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს

ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა – LED-სანათების მონტაჟი დაავალა.

„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. მგონი, ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათებების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომ დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი. კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად უნდა მოვაწესრიგოთ. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.