თბილისის მერია – ინფორმაცია, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე
გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შესულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება. ამასთან, მერიის ცნობით, განცხადებასთან ერთად არ არის წარმოდგენილი განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, არც საპროექტო წინადადება, განმარტებითი ბარათი და განვითარების ესკიზური ვარიანტი, რომელიც შემდგომში დამატებით უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.
„შესაბამისად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს არც განცხადებას და მით უფრო, რაიმე სახის სამშენებლო პროექტს.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ ავრცელებენ ტყუილს და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.