თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გადაცემა „შაბათის ეთერის“ რეპორტაჟი წარმოადგენს  დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს თბილისის მერის, კახა კალაძის  და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე ნებართვები კახა კალაძესთან ახლობლობით გაიცემა, მორიგ ცილისწამებას წარმოადგენს.

„რეპორტაჟში საუბარია რამდენიმე დეველოპერულ პროექტზე,  სადაც,  ჟურნალისტის მტკიცებით, „ნებართვების საკითხი უცნაურად მოკლე დროში უხილავი ხელის საშუალებით მოაგვარა”. სინამდვილეში, გადაცემაში დასახელებულ ყველა სამშენებლო პროექტზე ნებართვა გაცემულია მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

როგორც „TV პირველი“ ამტკიცებს, საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვაზე  დეველოპერს ჯერ უარი ეთქვა, თუმცა „კალაძესთან პირადი ნაცნობობით“ ნებართვა მიიღო და, უფრო მეტიც, მოცულობაში გაზრდილი პროექტი დაამტკიცა.

სინამდვილეში, ცინცაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე „გაპი“ ანუ განაშენიანების პირობები 2016 წელს გაიცა, რომლითაც გათვალისწინებული იყო ტერიტორიაზე ავტოსამრეცხაოს, ავტომობილების პროფილაქტიკისა და ოფისების მშენებლობა. 2018 წელს დეველოპერმა არქიტექტურის სამსახურს მიმართა მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვისთვის. რადგან „გაპი“ გაცემული იყო ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების მშენებლობაზე, არქიტექტურის სამსახურმა უთხრა უარი და მისცა რეკომენდაცია, ახალი განაშენიანების პირობების (გაპის) დადგენაზე. მშენებელმა გაითვალისწინა  რეკომენდაცია, წარმოადგინა ახალი განაშენიანების პირობები, რის შემდეგაც მოიპოვა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ობიექტზე კ2 კოეფიციენტი არ გაზრდილა და მტკიცება, თითქოს პროექტის მოცულობა გაზრდილია, ასევე წარმოადგენს ტყუილს.

მეორე ბრალდება შეეხებოდა გლდანის რაიონში მიმდინარე კონკრეტულ მშენებლობას. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ობიექტზე ადგილი ჰქონდა პროექტის დარღვევებს, რაც, სამწუხაროდ, ქართულ სამშენებლო სექტორში გავრცელებული პრობლემაა. მას შემდეგ რაც დედაქალაქის მთავრობამ გაამკაცრა სამშენებლო დარღვევების მონიტორინგი, ცხადი გახდა, რომ თითქმის ყველა მშენებარე ობიექტს უდგინდება მსგავსი ტიპის დარღვევები. შესაბამისად, დარღვევების აღმოჩენის დროს დეველოპერს უარი ეთქვა პროექტის კორექტირებაზე, ვიდრე არ წარმოადგენდა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. ორჯერ მოხდა პროექტის კორექტირება და ორივე ჯერზე გამოიწერა ჯარიმა 15 000-15 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს ჯარიმა არა 15 000, არამედ 20 000 ლარი უნდა ყოფილიყო, ესეც არის დეზინფორმაცია. 20 000-ლარიანი ჯარიმა განკუთვნილია  უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში და არა – დარღვევებით მიმდინარე მშენებლობის დროს.

კიდევ ერთი თემა, რაზეც რეპორტაჟში ისაუბრეს, შეეხებოდა ბურძგლას ქუჩაზე, კომპანია „ათორის“ მიერ აშენებულ კორპუსს. აბსოლუტურად გაუგებარი და აბსურდულია ამ მშენებლობის კონტექსტში დედაქალაქის დღევანდელი ხელისუფლების ხსენება, რადგან აღნიშნულ პროექტზე სამშენებლო წარმოება ჯერ კიდევ 2014 წელს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში დასრულდა, რის შემდეგაც თბილისის მერიაში არანაირი სანებართვო წარმოება აღარ მომხდარა.

გადაცემაში ასევე საუბარი იყო დიდ დიღომში განხორციელებულ მშენებლობაზე, სადაც, მათივე მტკიცებით, მოხდა კ2-ის გადამეტება. ესეც მორიგი ტყუილია. ინფორმაცია სრულიად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გადაამოწმოს. დიდი დიღმის პროექტი განხორციელდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით და კ2 კოეფიციენტი არ გაზრდილა. პროექტში არსებული ავტოფარეხის ფართი შეყვანილ იქნა სამშენებლო ფართში, რადგან მისი ჭერის სიმაღლე აღემატებოდა 3 მეტრს. თუ ფართის სიმაღლე 3 მეტრზე მეტია, ის არის კ2-ის საანგარიშო ფართობი. შესაბამისად, მშენებლობის მოცულობა არ გაზრდილა, ავტოფარეხებისთვის არსებული ფართი აისახა პროექტში კ2-ის საანგარიშო ფართობად.

რეპორტაჟის მიხედვით, თითქოს მერია უარს ეუბნება კონკრეტულ მშენებლებს სამშენებლო ნებართვებზე და მხოლოდ კონკრეტული პირების ჩარევის შედეგად იღებს დადებით გადაწყვეტილებებს. რეალურად, თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ახდენს რეაგირებას, ადგენს ხარვეზებს და ითხოვს მათ გასწორებას. არ არსებობს სანებართვო წარმოება, სადაც ხარვეზი არ დადგენილა. მხოლოდ ამ პირობების გასწორების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ნებართვები.

სამწუხაროდ, არ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ტელეკომპანია ბოდიშს მოუხდის საკუთარ მაყურებელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გამო.

საზოგადოებას კი ვთხოვთ, არ ენდონ ე.წ. ფეიქნიუსებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.