თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების შემოყვანას აპირებს
თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების შემოყვანას აპირებს

თბილისის მერია ველოსიპედების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის გადასაყვანად მოსახერხებელი სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას აპირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქჩართვისას განაცხადა.

„დედაქალაქის მერია მომავალში გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას. ასევე, სამბორბლიანი ველოსიპედების – მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა. შეუძლიათ, ბავშვები ჩაისვან უკან და თვითონ ველოსიპედი ატარონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ველოსიპედების შემოყვანა უახლოეს თვეებში იგეგმება.

კახა კალაძის ინფორმაციით, ველოსიპედებით სარგებლობის საფასურის გადახდა სავარაუდოდ მეტრომანით იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერმა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისით ისარგებლა, რომელიც 27 აპრილს ამოქმედდა და კოსტავას გამზირზე მოწყობილი ველობილიკი სკუტერით გაიარა.

კახა კალაძემ ფეისბუქჩართვაში, სკუტერების მფლობელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მოქალაქეებს სერვისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.