თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვას ჩაატარებს
თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვას ჩაატარებს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გაიხსნა ჭავჭავაძის გამზირის ერთი მონაკვეთი, სადაც მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

„პირველი ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია, გზა უკვე ქვედა ფენაში მოყვანილია და ასფალტი დაგებული. ახლა ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება ბორდიურების მოწყობა, ტროტუარების ჩამოსხმა, რომელიც ახალი ფილებით მოეწყობა და ლამაზი იქნება, ასევე ელექტროხაზების მიწის ქვეშ ჩატანა. ეს არის ასევე მნიშვნელოვანი ვიზუალურ ნაწილში, ყველაფერი შეიცვლება და განახლებული ქუჩა გვექნება“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, განახლდება ასევე მოძრაობის სქემები და ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა.

კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოების მეორე ეტაპზეც ისაუბრა.

„რაც შეხება მეორე ეტაპის სამუშაოებს, რომელიც დაწყებულია მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ეს არის „პიქსელიდან“, თაქთაქიშვილიდან, GWP ასრულებს წყლისა და წყალარინების ქსელების მოწყობის სამუშაოებს. „ყაზტრანსგაზი“ ახორციელებს თავის წილ სამუშაოებს მილების ცვლილების თვალსაზრისით“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, მერიას აინტერესებს მოსახლეობის აზრი, გაგრძელდეს აღნიშნული პროექტი წელს და მივიდეს ვაკის პარკამდე თუ შეწყდეს და განახლდეს გაზაფხულზე.

„ვფიქრობთ, გავაგრძელოთ ეს სამუშაოები, თუმცა რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, თბილისელებს – გავაგრძელოთ წელს ეს პროექტი და მივიყვანოთ ბოლომდე, ვაკის პარკამდე თუ შევწყვიტოთ სამუშაოები თაქთაქიშვილის ქუჩამდე და გაზაფხულზე განვაახლოთ?“ – აღნიშნა მერმა.

ამასთან, პირადად კალაძეს მიაჩნია, რომ უმჯობესია სამუშაოების ბოლომდე მიყვანა.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ რადგან დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ, თუმცა მინდა, ვკითხო მოსახლეობას, გამგებელს, ნოდარ ტურძელაძეს დავავალო – დაიწყეთ კომუნიკაცია იქ მცხოვრებ ადამიანებთან და მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავაკეთოთ გამოკითხვა, რა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანებს ამ პროექტთან დაკავშირებით. გეტყვით ჩემს პოზიციას, პროექტი უნდა გაგრძელდეს და სწრაფად დავასრულოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.