თბილისის მერია -  ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი და კარაქი  სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა
თბილისის მერია -  ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი და კარაქი  სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა

თბილისის ბაგა-ბაღებისთვის შპს „ელფი“-ს მიერ მიწოდებული ყველი და კარაქი  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიას არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

„თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მიეცათ მითითება, შპს „ელფის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმართონ შესაბამის ბანკს და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გამოითხოვონ. საქმე ეხება შპს „ელფსა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რომელიც ითვალისწინებდა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფას.

როგორც დადგინდა, შპს „ელფი“ ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიას არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაც ჯამური თანხის 3%-ს შეადგენს და ის მთლიანად ჩაირიცხება საბავშვო ბაგა-ბაღების საბანკო ანგარიშზე“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მითითების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას 27 თებერვლამდე გამოითხოვენ. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ჯამში 409 ათას ლარს შეადგენს.

შპს „ელფი“ მომსახურებას თბილისის 171 ბაგა-ბაღს 2017 წლის 18 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უწევდა.