თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკებისა და ლაშქრობების ორგანიზების მიზნით საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს
თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკებისა და ლაშქრობების ორგანიზების მიზნით საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების განხორციელების მიზნით, საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს.

როგორც პირველ არხს მერიიდან აცნობეს, პროექტების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ორ კომპონენტში: თემატური ბანაკები და სალაშქრო ტურები.

„თემატური საზაფხულო ბანაკების ორგანიზება ხუთი მიმართულებით იგეგმება, მათ შორისაა მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბანაკი, მეწარმეობის ბანაკი, მოხალისეობის ბანაკი, საჯომარდო ბანაკი და სახელოვნებო ბანაკი.

რაც შეეხება სალაშქრო ტურებს, უპირატესობა მიენიჭება თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებს, ლაშქრობაში მონაწილე ახალგაზრდები კიპროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების  მომსახურებით ისარგებლებენ.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად მათში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას. აღნიშნულ საზაფხულო პროგრამებში ჯამში 5000-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაინტერესებულ ორგანიზაციებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისის მერიაში. გამარჯვებული პროექტები 10 ივნისამდე გამოვლინდება.